logo
ENG



"დაჭრილ სამხედროს ეხმარებოდა" - უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე წერს

18 მარ 202222:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/18/o5oht5g2rclpbfv.jpg

უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ბობროვნიკოვი უკრაინაში ორი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა გარდაცვალებამდე ფრანგი სამხედრო გადაარჩინა.

როგორც ბობროვნიკოვი წერს, მათი ოცეული საბრძოლველად გუშინ, დილის 05:00 საათზე გავიდა, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გია ბერიაშვილი და დათო რატიანი ოკუპანტების ჭურვებმა შეიწირა.

"ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი ოცეული დაზვერვაზე იყო წასული. ბეროს ცხედარი, გუშინ ნაღმტყორცნების სროლისას გადმოვასვენეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა. დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. ზუსტად მან, უკვე გარდაცვალების შემდეგ გადამირჩინა სიცოცხლე. დათომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ოკუპანტის სიცოცხლეც შეიწირა. ის მეტყვიამფრქვევე იყო. დათო ცხოვრობდა როგორც გმირი და დაიღუპა გმირულად: ეხმარებოდა დაჭრილ ფრანგ სამხედროს, რომ შეკრების ადგილას მისულიყო. ჭურვის აფეთქების დროს დათო ადგილზე გარდაიცვალა. დათო იყო ძლიერი, მშვიდი, მორიდებული, ორგანიზებული და კეთილი. დათო რატიანი - სვანია მესტიიდან, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და რომელმაც დაკარგა თავისი კიდევ ერთი სამშობლო. იყო ავღანეთის და აფხაზეთის ომებში.

ვწერ ძალიან მშრალად, ფაქტების კონსტატაციით, რისი უფლებაც მაქვს იმას ვწერ. შესაძლოა დათოს შესახებ უფრო მეტს დავწერ - ადამიანზე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა ჩვენი გაცნობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში და ფრონტზე ყოფნის დროს - სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე. რატიანი... მთელი დღის განმავლობაში მინდა შენი ხმის გაგება: "ალექს, ავტომატი გაწმინდე?", "ალექს, წერენ თავდასხმის დროს გარდაცვლილი ქალის შესახებ, ის 7 ბავშვის დედა იყო, წაიკითხე?", "ალექს, გვაქვს ინფორმაცია, როდის გავდივართ?". დათო საბრძოლველად ბოლოს გუშინ, გამთენიას, 5 საათზე გავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით. ჭურვმა, რომელიც ოკუპანტებმა გამოიყენეს, დათო მოკლა, სამხედრო, რომელიც დათოს მოჰყავდა და მე, გადავრჩით. ჭურვებს იყენებდნენ მაშინაც, როდესაც დაღუპულები ბრძოლის ველიდან გამოგვყავდა... ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა, ერთად გამოვიყვანეთ ისინი ბრძოლის ველიდან, სადაც დაიღუპნენ... დათო, მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავი, მადლობა, რომ იყავი [არსებობდი]", - წერს უკრაინელი ჟურნალისტი.

დღეს, 17 მარტის დილას ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა, რომელიც თავადაც უკრაინაში იბრძვის. 

 

 


close დახურვა